გადაუდებელი ტექნიკურ სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ხვალ, 22 აპრილის 23:00 საათიდან 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "Buisness Time"-ს კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 აპრილის საღამოს 23:00 საათიდან 23 აპრილის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდ დიღომში: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.
ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.
ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.