მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.
„რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დღემდე პირველ ეტაპზე – პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.
„პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე – თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.
„გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა. სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.