თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის დღეს, 18 ივნისს 10 საათზე დაიწყება. პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობდა, 11 ივნისს განხორციელდა, რაც დღემდე გრძელდებდა.
პრიორიტეტული კატეგორიები იყო: 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. 6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); 7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელისთვის მეორე ეტაპის რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.
რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.
დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი", - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.