მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.
შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა.
თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც.
შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა.