
თბილისის მერია გუშინ, რუსთაველის გამზირზე და ორბელიანის მოედანზე გამართული აქციის დროს ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს”.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, მუნიციპალური ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.
სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.
ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.
როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.