ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას, მინისტრის თქმით, პიარის მოტივაციით ღონისძიებების ჩატარება ამ მთავრობის დამახასიათებელი არაა.
„რა თქმა უნდა, გამოწვევა კლასიკურად რაც იყო იგივეა, საფრთხე იგივეა, უბრალოდ რეგიონში ომია, ინტერვენცია არაერთხელ ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ. ახლა საფრთხეების კლასიფიცირება არ შეცვლილა, შეიცვალა ინტენსივობა. ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად. შესაბამისად, ჩვენი მხრივ გაიზრდება ინტენსივობა. ის საფრთხეები, რაც ჩვენ დოკუმენტებში გვაქვს გაწერილი, არ შეცვლილა. შეიცვალა ინტენსივობა. შესაბამისად, ჩვენც ჩვენი მხრივ ვმუშაობთ ინტენსივობის გაძლირებაზე. როგორც პარტნიორებთან, ასევე ჩვენი შიდა რესურსებით. თეორიულად, საფრთხე კომპლექსური შეიძლება იყოს, მაგრამ, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სპეციფიკურ საფრთხეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ინტენსიურად რომ არ შეიქმნას საფრთხეების განვითარების ტენდენცია.
რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას, პიარის მოტივაციით ღონისძიებების ჩატარება არ გვახასიათებს. ჩვენ იმავე ფორმატში, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ამ ფორმალობის ჩატარების საჭიროება დღეს არ დგას. თუ დადგება ფორმალურად უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარების საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ. ყოველდღიურ რეჟიმში ძალოვანი უწყებები პრემიერთან ვიკრიბებით და ვახდენთ ჩვენს ადაპტაციას ყოველდღიურ მოვლენებთან“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა : „კითხვას ცივილური სამყარო არ სვამს ვინ არის აგრესორი და ვინ დაიწყო კონფლიქტი და თქვენ რატომ სვამთ?!“