მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა, ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია Centrum Air-ი იწყებს.
მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით ყოველ შაბათს შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Centrum Air-ის ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2023 წლის აგვისტოს ბოლომდე) დააკმაყოფილა.
ამ ეტაპზე საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.