jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი.
 
ამასთან, როგორც გაბუნიამ კლინიკური საბჭოს წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტების მართვის შესაძლებლობა იქნება, თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს.
 
„ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა - 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურადაა დატვირთული. ასევე მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ბუნებრივია, ეს უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან რეალურად, ამ სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა გაბუნიამ.
 
გარდა ამისა, თამარ გაბუნია კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ იმსჯელეს იმის შესახებ, რა პროტოკოლის მიხედვით გამოიყენებენ მონოკლონურ ანტისხეულებს.
 
„განვიხილეთ ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან და ამერიკის მხარისგან. ის ქვეყანაშია უკვე და მზად ვართ გამოყენება დავიწყოთ”, - განაცხადა გაბუნიამ.
790