სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები, ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.
„რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.