სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი.
„რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა უკანონო სამხედრო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.
მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.
საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაია.
რაც შეეხება 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, ამ კუთხით ხაზგასასმელია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინდა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.