
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტაენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს. ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია. მიმდინარეობს გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების, განათებისა და სავენტილაციო აღჭურვილობის მონტაჟი, ხიდებსა და გვირაბებში გზის საფარის დაგება. ასევე, დაწყებულია გვირაბების მართვის შენობების მშენებლობა.
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.
მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.
სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.
პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი ჯამური ღირებულება 265 მილიონ ლარს შეადგენს.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის წელს გაიხსნება.