ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.
იოზვიაკმა სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობასთან დაკავშირებით.
„საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. უცხოური აგენტის შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ამიტომ, ნატო-ს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასან, კითხვაზე, ექნება თუ არა კანონის მიღებას რაიმე შედეგი კონკრეტულად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განხილულა.
„ეს არ განხილულა და ჩვენი პარტნიორობა არის ის, რასაც ფართო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პარტნიორობის ნაწილი არის პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის ნაწილიც არის ის, რომ გამოვთქვათ შეშფოთება. მათ წევრობისთვის განაცხადი შეიტანეს, თუმცა ჯერ არ მიგვინიჭებია წევრობის სამოქმედო გეგმა, მაგრამ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.