სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
განაცხადები მიიღება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინრეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 14 კატეგორიას დაემატა კიდევ ორი კატეგორია – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები“ და „პირები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს წინა წლებში მოქმედი შემდეგი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას: მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები; სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები; ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით); სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ; აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები; სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები; სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი; ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.