სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.