global distribution
გარე ავეჯი

საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კახეთის მიმართულებით.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს გზის 35-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და აღნიშნული პროექტით მაგისტრალის განვითარება გრძელდება.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა უახლოეს პერიოდში კახეთის მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან კონკრეტულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი აქტიური ტემპით შენდება. პროექტი არა მხოლოდ რეგიონში გადაადგილებას ამარტივებს, არამედ მთლიანად ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განახლებას ემსახურება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს: მიწის სამუშაოები და გზის საფუძვლის მოწყობა; კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა; რკინაბეტონის ხიმინჯებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი; მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა; სახიდე გადასასვლელებისთვის კოჭების დამზადება და დამცავი ბარიერების მოწყობა.

მშენებლობის ფარგლებში იგეგმება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარი მილის აშენება. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდება მთავარ მაგისტრალს.

საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი სოფლებს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. შედეგად, გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას, 15 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება.

ახალი მონაკვეთი არის კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის 35-კილომეტრიანი მონაკვეთით თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე სარგებლობს და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად იქცა.

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედნის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ეს სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესს, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და კახური ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის.

112