საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის , - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ.
„მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, სანამ გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. სანამ თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.