საყულიეში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით, ადგილობრივებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თავს დაესხნენ პოლიციას, ესროდნენ ქვებს და ცდილობდნენ მათთვის ცეცხლ სასროლი იარაღის წართმევას. ვითარების განსამუხტად პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა, ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. შსს-ს განცხადებაში ასევე წერია რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.
"მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.
სიტუაციის ესკალაციის არიდების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პოლიციამ გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთი მონაწილე დააკავა.