შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხი პირი დააკავეს.
2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
„დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ, გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება, მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.