შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანებით ფრენა დროებით აიკრძალება.
მისივე თქმით, პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირად ხდება და სამთავრობო გუნდი რეგულაციების გამკაცრებაზე იმუშავებს.
„თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლების შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.