გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ეკონომიკური ბლოკის გაფართოებისთვის უნდა მოემზადონ არამარტო გაწევრიანების კანდიდატები, არამედ თავად ევროკავშირიც.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე სურს საუბარი. ის ასევე იმედოვნებს, რომ სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ამისთვის ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები – ისინი ახლავე უნდა დაიწყოს”, – თქვა შოლცმა.