მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურება“ (ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი) ამოქმედდა, რომელიც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრის საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე ადგილზე გაეცნენ.
„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას.
ცენტრების მუშაობის სტანდარტიზაციის მიზნით, 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.