შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება - სოციალურ ქსელში ამ სახის კითხვებზე პასუხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გასცა.
ბიძინა კულუმბეგოვნა 9 პუნქტად ჩამოაყალიბა ყველა ის საკითხი, რომლითაც მას სოციალურ ქსელში მოქალაქეები მიმართავენ. ალერგოლოგ - იმუნოლოგის აცრის წინ შესასრულებელ რჩევებსა და რეკომენდაციებს BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.
ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.
1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!
2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტრაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!
3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია "ფაიზერი", ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აუცილებელი არაა აცრის წინ!
6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!
8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.
9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!
გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.