სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვხედავთ, რომელიც აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, მათ შორის იმ რისკების დაზღვევასთან, პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია კანონპროექტი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნაში სახიფათო ტენდენციებია.
,,საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც არათუ პროპაგანდის წახალისებას გულისხმობს, არამედ იმ საკითხების დაკანონებას, რომლის შეზღუდვაზეც იყო საუბარი. მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება მოხდეს.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე. მაგალითად, ვციტირებ: ინდივიდებს, მათ შორის ბავშვებს აქვთ უფლება თვითიდენტიფიცირებისა არა მხოლოდ დაბადების სქესის მიხედვით, არამედ გენდერის მიხედვით. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, ვციტირებ: გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, ვინაიდან არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვას არასრულწლოვანებს შორის შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, განსაკუთრებით თუ ეს არასრულწლოვანები არიან ლგბტ აქტივისტები. ასეთი მიდგომა ჩანს ვენეციის კომისიის დასკვნიდან. რიგ შემთხვევებში, არ ეფუძნება სამართლებრივ მოსაზრებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ გარკვეულწილად ასეთი პოზიციები დასანანია’, ’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წარმომადგენლები ესწრებიან სხდომას და სხვები არა ნიშნავს, რომ მათ საკითხზე მსჯელობის გამბედაობა არ ყოფნით.
,,როდესაც ჩვენ გვქონდა საყოველთაო სახალხო განხილვის დროს გარკვეულ საკითხებზე მოგვყავდა ხოლმე მაგალითები, როგორ ხდება, მაგალითად, დამატებითი გენდერის თუ სქესის შემოღების ტენდენცია, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებშიც რომ არის წინააღმდეგობა გაწეული და ეს წარმოადგენს პრობლემას, გამოწვევას სხვა საზოგადოებებშიც. კონსტიტუციურად, მათ შორის კანონშიც გაწერილია, რომ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში მხოლოდ ქალის ან მამაკაცის მითითება იქნება შესაძლებელი მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ადამიანს თავისი არჩევანით უნდა შეეძლოს პირადობის მოწმობაში ჩაიწეროს, ის არის ქალი თუ მამაკაცი – ანუ, ყოველგვარი რაიმე სქესის შეცვლის თუ რაღაც ჩარევების გარეშე, ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სქესის არჩევა, მისი ნების გამოხატვა. ასეთი რეკომენდაციები არის ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.
ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წარმომადგენლები ესწრებიან სხდომას, სხვები - არა. ნიშანდობლივია, რადგან კომისიის შემადგენლობაში გახლდათ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი და განხილვების დროს გარკვეულწილად მხარს უჭერდა, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ სხვანაირი მითითება მიიღეს და განხილვასაც აღარ ესწრებიან. საჯარო განცხადებებში, მართალია, არა შალვა კერესელიძემ, ვინც კომისიის წევრი იყო, მაგრამ მისმა თანაპარტიელებმა ამ პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად საპირისპირო პოზიციები დააფიქსირეს. სამწუხაროა, რომ იმის გამბედაობაც არ ჰყოფნით, ამ საკითხზე იმსჯელონ, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე. იმდენად არიან დამოკიდებული, რა ბრიფინგი ჩატარდება საქართველოს საზღვრის გარეთ, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, „ტვიტერზე“ ვინ რას დაწერს, ვინ ვის მონიშნავს, რა კომენტარს გააკეთებს, რომ ამ თემებზე საჯარო მსჯელობისაც ეშინიათ. 17-მა მაისმა სახალხო რეფერენდუმით დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ და ოპოზიციის ერთი ჯგუფის გარდა, ვგულისხმობ „გირჩს“, სხვა წევრებს ეშინიათ მსჯელობის, რადგან იყურებიან გარეთ, რას ეტყვიან მათი მფარველები თუ მათი საარჩევნო კამპანიის დამგეგმავი პოლიტიკური ჯგუფები,’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს პირდაპირ ვხედავთ, მოწოდებებს რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება მოხდეს.
,,განხილვების დროსაც იყო კონკრეტული მაგალითები მოყვანილი, რომ არა თეორიული რისკები, არამედ უკვე პრაქტიკაშია გარკვეული საკითხები, მაგალითად, სქესის მითითებასთან დაკავშირებით, ასევე გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების ტენდენციის თუ კულტურის დამკვიდრების მცდელობები. ეს უკვე ჩანს და პრაქტიკაშია. როცა საუბარია, რამდენად აქტუალურია საკითხი საქართველოს რეალობისთვის, საყოველთაო სახალხო განხილვის დროს ერთ-ერთ მაგალითად მოგვყავდა ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი – 2017 წელს, როცა განიხილებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იყო, რომ არ არის რელევანტური, კანონში ხომ ისედაც არის მოწესრიგებულიო, სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი იყო. მაშინაც კომისიას ჰქონდა პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო გარანტიების შემუშავება, რათა შემდეგ კანონის მარტივად შეცვლით არ მომხდარიყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება. გავიდა სულ რაღაც შვიდი წელი და დღეს ვნახეთ რეკომენდაცია, რომელიც იმას გვეუბნება, რაც თურმე თეორიული ყოფილა და არანაირი პრაქტიკული რისკი, გამოწვევა ამ მხრივ არ არსებობდა. დღეს პირდაპირ ვხედავთ, მოგვიწოდებენ, რომ მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება. ნელ-ნელა არის მცდელობა, რომ ფეხი მოიკიდოს ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ დროული რეაგირება მნიშვნელოვანია“, - განაცხად შალვა პაპუაშვილმა.