არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა 30 წლის განმავლობაში მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას და სამწუხაროა, რომ საქართველო პასუხად იღებს არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს.
„საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყველაზე საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები. ასე არიან, სამწუხაროდ, ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში. ასეთები იყვნენ სინამდვილეში 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იყვნენ მარიონეტები სხვების ხელში და ახლა არიან მარიონეტები ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მარიონეტულ მთავრობებს არ დაუშვებს და ოპოზიცია ამიტომაც საბოლოოდ დასანქცირდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.