სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია.
ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება. ამისთვის მათ სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს უნდა მიმართონ. რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები; ექიმები; ექიმი-რეზიდენტები; ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები); საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები; ბებიაქალები; სტომატოლოგები; სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები; სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიისა და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან; ფრინველებთან მომუშავე პერსონალი; მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები; მონადირეები; ვეტერინარები; ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები; ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი; საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები; სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გარდა ამისა, რისკგუფებში შედიან შემდეგ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი: პენიტენციური დაწესებულება; პატიმრობის დაწესებულება; თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება.
დასახელებულ რისკის ჯგუფებს შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე.