საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება იმ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში მოიკიდა ქვეყანაში ფეხი, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული.
„მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერი ფიგურის საკითხის მოგვარებას და გარანტიას, რომ ოპოზიცია შეუერთდება პარლამენტს. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, წასულიყვნენ კომპრომისზე საკუთარი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ. ამ შეთანხმებას შეუძლია, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე.
მადლობელი ვარ ევროკავშირის მიერ ამ მოლაპარაკებების პროცესში გამოჩენილი ხელმძღვანელობისა და ელჩი დეგნანის თაოსნობით აშშ-ის საელჩოს დაუღალავი მუშაობის.
კომპრომისის გამოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ხელშეკრულების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი შესრულება იქნება. ორივეს – „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას აქვთ პასუხიმგებლობა, რომ შეასრულონ ეს შეთანხება ზედმიწევნით და აღადგინონ პოლიტიკური ნდობა.
არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო პოლიტიკური დევნის გზიდან ძლიერი და აყვავებული ქვეყნის აშენების გზაზე უნდა გადავიდეს. ეს წაიყვანს ქვეყანას ამ მიმართულებით, თუმცა აშშ, მათ შორის კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებიან“, – ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.