საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და კომპანიის წარმომარგენლებთან ერთად ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროსა და რეზერვუარების რეაბილიტაცია, მოეწყობა მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდება აღრიცხვის კვანძები.
ამ ეტაპზე შესრულებულია საერთო სამშენებლო სამუშაოების 39%. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ სენაკის და სოფლების - ნოსირის თემის, ახალსოფლისა და მენჯის მოსახლეობა - 35000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.