janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ცვლილების მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში — 23:00-დან 08:00 საათამდე — სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.

კანონით განსაზღვრული 100-დეციბელიანი ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით ჯარიმდება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა აკლდება.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 200-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირებას ითვალისწინებს. მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის კი ჯარიმა 300 ლარია, ხოლო მართვის მოწმობას 30 ქულა აკლდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, — აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

88