კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, – აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სასტუმროსთან, სადაც აქცია იმართება, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორიიდან მიკროავტობუსი გამოვიდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიკროავტობუსში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსს კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები არიან სასტუმროში „ყვარლის ტბა“, სადაც, სავარაუდოდ, წვეულების გამართვა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს სასტუმროს ადმინისტრაცია. ცოტრახნის კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია რომ რუსმა ვიზიტორებმა ქვეყანა უკვე დატოვეს და დაგეგმილი ქორწილი აღარ ჩატარდება.