“ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, – ასე გამოეხმაურა მთავრობის წევრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
“ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ… ვერც ამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, – აცხადებს წულუკიანი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.
“ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება.
ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესების გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატვა და თქვენთან ერთად მივიღო საქართველოს გადარჩენაში მონაწილეობა”, – განაცხადა სააკაშვილმა 27 სექტემბერს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2021 წლის 6 სექტემბერს დააანონსა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოვიდოდა. მას ქვეყანაში დაბრუნებაზე წარსულშიც არაერთგზის უსაუბრია.
ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი.