საქართველო ძალიან ამაყობს საფრანგეთთან სანდო და ხანგრძლივი პარტნიორობით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ და ამ ეროვნული დღესასწაულის დროს, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, ბასტილიის აღება მთავარი მოვლენაა როგორც საფრანგეთისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.
„პარიზის მოქალაქეების ამ აჯანყებას – თვითნებობის, დესპოტიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ – სიმბოლური ადგილი უჭირავს თანამედროვე ისტორიაში, ესაა დამფუძნებლური აქტი ყველა ერისთვის, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. საქართველო ძალიან ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით. როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ და ამ ეროვნული დღესასწაულის დროს, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით. ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ ძალისხმევას, რომელსაც საფრანგეთი მიმართავს დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჩვენს რეგიონში.
ჩვენ ვიზიარებთ ბევრ მიზანს, კერძოდ, უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპის აშენებას. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო ამბიცია, შევქმნათ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე, რომლის სათავეში არის ადამიანის უფლებები – საფრანგეთის რევოლუციის კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც 234 წლის წინ, 14 ივლისს დაიწყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთნდობაზე დამყარებული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ევროპული ღირებულებების პატივისცემას, მაგრამ ასევე პრივილეგირებულ კავშირებს, რომლებიც ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის.
„აღიარება და მადლიერება – ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაკუთრებით ფესვგადგმულია ქართულ კულტურაში. ისინი ძალითა და ბრწყინვალებით გამორჩეულები არიან, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რომელიც საზრდოობს ხანგრძლივი საერთო ისტორიით, კერძოდ, 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემდეგ, მისი საფრანგეთის მიერ არისტიდ ბრიანის აღიარებით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის დახვედრით ულამაზეს ქალაქ ლევილ სურ-ორჟში, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები – საფრანგეთის მხარდაჭერით – 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს იმედს. გენერალ დე გოლის ჟესტი, რომელმაც ეროვნული საგანძური დაუბრუნა თავის მფლობელს – ქართველ ერს, ჩვენს მეხსიერებაში რჩება და ამ ყველაფერს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ მადლიერებაში.
ამ ძველი და მჭიდრო მეგობრული კავშირებით გაძლიერებულმა ჩვენმა ორმა ქვეყანამ წამოიწყო ამბიციური ერთობლივი პროექტები. ამგვარად, Domaine de Leuville ხდება ახალი საერთო მოგონებების და კულტურის ადგილი. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლევილის ისტორიულ-კულტურული ცენტრი იყოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცების სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.