11-12 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენცია − „GITI 2023“ გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
ღონისძიება, პირველად 2008 წლის სექტემბერში ჩატარდა. 2023 წელს, რიგით მე-13 შეხვედრას 1000-მდე მონაწილე ესწრებოდა. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ჯამში 13 ნომინაციაში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარადგინეს სხვადასხვა სახის პროექტები.
საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“. აღნიშნული ნომინაცია ფასდებოდა ორგანიზაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურული, პროცედურული და ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვის მიხედვით. ასევე, მნიშვნელობა ენიჭებოდა ნერგავს თუ არა ორგანიზაცია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საყოველთაოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებს. აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ 2023 წლის მაისში წარმატებით გაიარა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტის პროცესი, აიღო შესაბამისი სერტიფიკატი და დღესაც აქტიურად ზრუნავს აღნიშნული პროცესის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.