დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, შეფასება, რომ კორონავირუსისთვის ხელმეორედ ავადობა ნაკლებად დამახასიათებელი იქნებოდა, არარეალურია და მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები მატულობს.
როგორც ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგზე განაცხადა, რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, სადაც თავდაპირველად ინფიცირება ერთ შტამს უკავშირდებოდა, ახალი შტამების გავრცელების გამო რეინფიცირება შესაძლოა, უფრო მძიმე ტვირთად დააწვეს. მისივე თქმით, საქართველოში იზრდება რეინფიცირების საეჭვო შემთხვევების რაოდენობა.
„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და პირველადი შეფასება, რომ კოვიდისთვის ხელმეორე ავადობა ნაკლებად შეიძლება ყოფილიყო დამახასიათებელი, რეალობას არ შეესაბამება. მთელ მსოფლიოში ხდებიან ადამიანები კოვიდით მეორედ ავად, განსაკუთრებულით ეს შეიძლება იმ ქვეყნებს დააწვეს მძიმე ტვირთად, სადაც პირველ შემთხვევაში დიდი რაოდენობა ერთ შტამთან, “Sars-Cov-2”-თან იყო დაკავშირებული, ახლა კი ცირკულირებს განსხვავებული შტამები, მათ შორის ვართ საქართველოც, სადაც ახალი შტამების ცირკულირება მაღალ პროცენტს აღწევს. რა თქმა უნდა, რეინფიცირების საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა ეს ძალიან დიდი არ არის.
ყველა შემთხვევა, როდესაც რეინფიცირებაზეა ეჭვი, დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ეპიდემიოლოგიურ კვლევას, შემდეგ კი მათი სინჯების მოკვლევას. ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ტესტებითაც კეთდება დიაგნოსტიკა და „პისიარითაც“. თუმცა იმისთვის, რომ რეინფიცირების დიაგნოზი დაისვას, ორივე სინჯი უნდა არსებობდეს, ანუ უნდა იყოს სინჯი „პისიარ“ კვლევისთვის და შემონახული უნდა ჰქონდეს ლაბორატორიას. ხშირად ყველა მოცემულობის თანხვედრა არ ხდება. რეინფიცირების კვლევისა და დიაგნოზისთვის ვსარგებლობთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევის პროტოკოლით და ეს შემთხვევები ორ კატეგორიად გვაქვა გაყოფილი. ერთი არის კატეგორია, რომელშიც ხვდება შემთხვევები, როდესაც ხელმეორედ სიმპტომების გამოვლენა და დადაბითი ლაბორატორიული შედეგის მიღება 90 დღემდე ხდება, მეორე კატეგორიაში კი 90 დღის შემდეგ”,- განაცხადა ზახაშვილმა.