სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი და „ქართული ოცნების“ დამსახურებით გახდა პრეზიდენტი.
„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის სამწუხარო ფაქტი. სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. მე, როგორც პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის, ან სხვა ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისა თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ქვეყნის, კანონის და კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად მან უხეშად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მომხდარით აჩვენა, რომ ქვეყანა ევროპულია, დემოკრატიულია და კანონზე მაღლა არავინ დგას.
„ახლა პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვქონია მოლოდინი, თითქოს უმრავლესობა საჭირო ხმებს მოაგროვებდა. არც დიდი ილუზიები ჰქონდა ვინმეს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ საკმარისი ხმები არ გვქონდა, თუმცა ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, კანონმდებლები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ქალბატონი სალომესგან ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა იცავს კონსტიტუციას. ჩვენ ამის საპირისპირო პასუხი მივიღეთ და ის არ იცავს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მომხდარის გავლენას კანდიდატის სტატუსზე, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღირსების საკითხი იყო და კანდიდატის სტატუსთან არაფერ შუაშია.