საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები მოინახულა.
როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დაკავებულს პირადად გაესაუბრა და მათგან მოისმინა, რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება.
„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება. აქ 25 დაკავებულია მოთავსებული, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე. მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. რა დაზიანებებიც ვნახე, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება აღენიშნება ზურაბ ჯაფარიძეს. სხვებს ასეთი ვიზუალური დაზიანებები არ აქვთ. ალბათ შესაბამისი დასკვნა ექიმებმა უნდა დაწერონ. ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, დაკავების პროცესში ხელკეტი მოხვდა სპეცდანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან. მას დაზიანება აქვს თავზე. დაიწყო გამოძიება, რის შესახებაც ზურა საქმის კურსშია. ყველა დაკავებულს პირადად გავესაუბრე და აღმიწერეს, რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება. იქ არიან ადამიანები, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ აქციასთან. სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით ექნება დეტალური განცხადება, რომელსაც გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ცალკეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციები გადამეტებული იყო.
„ვიზუალურადაც ჩანდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციები ცალსახად გადამეტებული იყო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ აქციაზე ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით მივიდა.
„აქციაზე მივედი იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი ამ ყველაფერს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო იყვნენ გულმოსული და არ იზიარებდნენ პოზიციას. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, შეურაცხმყოფელი შეძახილები. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი დღესაც იქნება. ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იქნებიან აქციაზე და დააკვირდებიან აქციის მიმდინარეობას. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზრდება ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მათ ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და არ გადაამეტონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ასევე, იოსელიანს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დეპუტატთა მისამართები ვრცელდება. იოსელიანის შეფასებით, ნებისმიერ ადამიანზე პერსონალური თავდასხმა მიუღებელია.
„ნებისმიერ ადამიანზე, მისი ოჯახის წევრზე პერსონალური თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.