ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ პრინციპზე: ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას.
„მე პირადად ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. თვით 2020 წლის 23 აპრილს წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო. 2021 წლის 9 აპრილს ჩემს საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში, რასაც მოყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა, ამის შემდეგ რამდენიმე ვიზიტი, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრების და დღეს ჩვენი აქ ოფიციალური შეხვედრა. მადლობელი ვარ ამისთვის და მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ პრინციპზე: ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.