მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს - შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ცხადია, ეს კითხვებს აჩენს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პასუხი კითხვაზე, „სხვა რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინასთან მიმართებით“, არის ის, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა თუნდაც ის, რაც გააკეთა მოლდოვამ“.
„ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს - შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ - მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.