საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
„განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ღონისძიებაზე პრეზიდენტს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი უმასპინძლებს. საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია, გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.