მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში 2010 წელს ჩაიწერა და 2013 წლიდან ამოქმედდა.
„საგარეო მოლაპარაკების წარმოება რომ საჭიროებდა მთავრობასთან შეთანხმებას, ეს 2010 წელს ჩაიწერა და ამოქმედდა 2013 წლიდან. აქ არის მარტივი ლოგიკა, საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია პრეზიდენტს ამ ვიზიტების განხორციელება და აქაც სჭირდება მთავრობის თანხმობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე – „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს აღარ ენდობა? – კობახიძე პასუხობს:
„დიდი ხანია ეს მოცემულობა სახეზეა და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ემთხვევა ზურაბიშვილის რიტორიკა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას. სალომე ზურაბიშვილი დავიდა სალომე სამადაშვილამდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევს და ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, ასეთ რისკზე არ წავიდოდა.
„მიზანი არის მარტივი. ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ. საქართველოს კონსტიტუცია როდესაც ასე უხეშად ირღვევა, ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია სწორედ ეს არის, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა“, – განაცხადა კობახიძემ.