gorgia
ავერსი legi

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება. 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიღების შედეგად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი გახდება.

„მოქმედი კანონი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.

122