საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დასკვნა დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს. დასკვნას ხელს აწერს პლენუმის სრული შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრი“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.
კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები არიან: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; ირინე იმერლიშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკალიშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც პრეზიდენტის გადაყენებისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.