global distribution
გარე ავეჯი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ მოითხოვა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გახმიანებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, ადასტურებს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ელჩის დაბარებას სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა შეშფოთება გამოეთქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ტაილანდიდან რევოლუციის სავარაუდო დაფინანსების“ შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.

განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის კომენტარში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ სახდეპისგან პასუხად წერილობით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას“ უკავშირდება.

აშშ-ის საელჩოს გავლით, ტაილანდიდან რევოლუციური მიზნების დაფინანსებაზე სიუჟეტი მოამზადა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ და განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა.

სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ იმავე „იმედთან“ ინტერვიუში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ „გაშიფრეს“ სხვადასხვა არხი, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნები ფინანსდება, მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.

„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს — მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი — ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენად გჯერათ, საქართველოს მოქალაქე როდესაც ხედავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახსენდებათ ბანგკოკში, რომ თურმე USAID–ს აქ ჰყოლია საპენსიო ბენეფიციარები და ასობით ათას ლარს ურიცხავენ“, — განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

„ქართული ოცნებაში“ არ უარყვეს ტალიაშვილის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა, თუმცა თქვეს, რომ ეს არ ყოფილა დიპლომატიური ზომა — დაბარება.

ირაკლი კირცხალიამ დღეს, 7 ოქტომბერს ასევე ეჭვქვეშ დააყენა „რადიო თავისუფლების“ წყარო და ის, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ მიცემული კომენტარი ვაშინგტონის პოზიციას წარმოადგენს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ „რადიო თავისუფლების“ წყარო ძალიან ცდება, ვინ გვადანაშაულებს?! უელჩო საელჩოზე გაქვთ საუბარი? ცალ ფეხზე მოხტუნავე ბურჯანაძე რომ სტაფერია ? „ქარდებით“ რომ გვესაუბრება, ის საელჩო? კარგით რა, ქარდებით საელჩოს პოზიცია იყო, თქვენი აზრით? სრული სიცრუეა. თამარ ტალიაშვილი აორგანიზებს ძალიან ბევრ შეხვედრას, ზოგს თავისი მოწვევით, ზოგს სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევით. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და ძალიან პრაგმატული და ობიექტური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ ეტაპზე“, — განაცხადა კირცხალიამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა „რადიო თავისუფლებასთან“ გამოხატა ღრმა შეშფოთება, რომ „საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“.

130