N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მან იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.