პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ქვეყანა პირველად გახდა დიდი საგანმანათლებლო ევროპული ოჯახის ნაწილი.
„იგივე სტანდარტები, რაც მოქმედებს ევროპაში, აღიარებულია საქართველოშიც, რაც ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში დამთავრებულ პროგრამებზე აღებული დიპლომები აღიარებული იქნება ევროპაში. რაც შეეხება უმაღლესი განათლების კონკრეტულ შედეგებს და სამინისტროს პოლიტიკას, ამას ჩვენ ვხედავთ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაში, სადაც წლიდან წლამდე იზრდება ერთობლივი, ორმაგი დიპლომების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების რაოდენობები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ზრდის მაჩვენებელიც, რომელიც საქართველოში დღეს 23 000 შეადგენს.
„უმაღლესი განათლების რეფორმების შედეგად საქართველო, განათლების კუთხით, რეგიონში გახდა ერთ-ერთი ფლაგმანი და მიზიდულობის ძალა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.